Tuesday, April 26, 2011

10

by anina
საბას აღარ უდგება. დიდი ხანი არაა. ასე 2 კვირაა.
ჩემი აზრით, ანტიდეპრესანტების ბრალია, მისი აზრით_ ჩემი.
_ აი, 1 კვირა აღარ დალიო და ვნახოთ.
_ აუ, ხო გეუბნები, რო მაგის ბრალი არაა.
_ და რა იცი?
_ შენ რა იცი, რო მაგის ბრალია?
_ ვგრძნობ. წამლებს აქვთ ხოლმე ეგეთი ეფექტები.
_ ამ წამალს არა აქვს.  და ვაფშე, დებილობას ბაზრობ. წამლების გარეშე მთელი დედამიწა მძულს, შენი ჩათვლით. ჰოდა, რო დავანებო მაგას თავი და შემძულდე, მერე რა ჩემ ყ**დ გინდა ჩემი ამდგარი ყ**?
_ არ შეგძულდები.
_ რა იცი? ისედაც ცოტა მიკლია.
_  ღმერთო, როგორ შეგიძლია ეგეთი იდიოტი იყო. წავედი მე.
_ რა გეწყინა. გეხუმრე.
_ მაგრად ხუმრობ.
_ შენ კიდევ მაგრად წერ.
კარი ხმაურით გავიხურე. მერე კიბეებთან გავჩერდი და წარმოვიდგინე, როგორ გაეცინებოდა ამ ჟესტზე საბას.
სერიალის გმირივით ვიქცევი. ვტფ

2.

_ გთხოვ, ღმერთო, გთხოვ, ღმერთო, ღმერთო, გთხოვ.._
_ და პირველი ადგილის მფლობელია…_
_ გთხოვ, ღმერთო, გთხოვ,ღმერთო, გთხოვ
_ …….
როგორც იქნა, ამოღერღა. დარბაზს ჯერ სიჩუმემ გადაურბინა, მერე_ ტაშმა. მე სუნთქვა ჯერ შემეკრა, მერე_  გამიხშირდა და გვიანღა გამახსენდა, რომ სცენაზე უნდა ავსულიყავი. წითელპომადიანმა ქალმა კონვერტი და სიგელი მომცა. კონვერტში 700 ლარი იყო, სიგელზე კი ჩემი სახელი და გვარი ეწერა.  ჟურნალისტებს კითხვებზე ნაჩქარევად ვუპასუხე და ფოიეში გავედი. ფული უნდა გადამეთვალა. ეგაა. 700-ია. ამოვისუნთქე.
მერე დარბაზში შევბრუნდი და თვალით ნაცნობები მოვძებნე. ადამიანებს უკვე მიეგნოთ ალა-ფურშეტის მაგიდისათვის და გაცილებით უკეთ გრძნობდნენ თავს, ვიდრე ხუთი წუთის წინ.  ჩემზე ლაპარაკობდნენ.
უცნაური გრძნობა იყო. პირველად მოვიგე ლიტერატურული კონკურსი

3.

კი ვუთხარი, გარეთ გაათავე-მეთქი. მაგრამ ვიცოდი, რომ მაინც ისე მოხდებოდა, როგორც მოხდა. ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით ხშირად ხდება დეგენერატულად, ვიდრე ნაწარმოებებში. მაგიტომ მიყვარს ,,ჰომო ფაბერი”, ფრიშს ფეხებზე ჰკიდია მხატვრული კანონზომიერებები. ზუსტად ისეთსავე აბსურდულ რამეებზე წერს, როგორებიც ცხოვრებაში ხშირად ხდება.
აუცილებელი არაა, მთავარი გმირი ომში მოკვდეს.  რომ სიკვდილი შედგეს. შეიძლება, ბევრი ბლინის ჭამით გაუსკდეს მუცელი.
აუცილებელი არაა, რომ პერსონაჟმა ქალმა ხელი ავტოავარიაში დაიზიანოს,  შესაძლოა, ბიუსტჰალტერის შეკვრის დროს გაუწყდეს მყესი.
აუცილებელი არაა, რომ ყველაფერი დალაგებულად და მწყობრად იყოს.
და რაკი არსებობს შანსი, რომ დაფეხმძიმდე, შეიძლება დაფეხმძდე კიდეც.  ამის ალბათობა ლიტერატურულ ნაწარმოებშიც იმდენივეა, რამდენიც რეალურ ცხოვრებაში. ანუ არც ისე დიდი და არც ისე მცირე.
იმის ბრალია, რომ დაბოლილები ვიყავით. შვედური მოსაწევით.

4.

_ ჩემზე როდის დაწერ? _ მეკითხება საბა და ეშმაკურად იღიმის.
_ არასდროს
_ რატომ?
_  აი, როგორ აგიხსნა. არ ხარ პერსონაჟად დაბადებული. ზედმეტად ჩვეულებრივი ხარ იმისთვის, რომ რომელიმე სხვა პერსონაჟს შეუყვარდე, ზედმეტად უწყინარი იმისთვის, რომ მოთხრობაში პრობლემები შექმნა. ზედმეტად მოსაწყენი იმისთვის, რომ შენზე მწერალმა დრო დახარჯოს… რა თქმა უნდა, შემიძლია ისე დავწერო, რომ საინტერესო იყო,  მაგრამ ეგ უკვე შენ აღარ იქნები…
_ ეეე. გეყოს ეხლა ! _ სერიოზულად ბრაზდება საბა
_  რა ვქნა. ეგრეა.
_ მორჩი ბაზარს და გაიხადე!
_ დებილო! _ ახლა მე ვბრაზდები
_ მინდიხარ.
_ მაშინ შუქი ჩააქრე.
საბა შუქს აქრობს. მე ვიხდი.

5.

ჩემ წინ კოკა ზის. ვსვამთ.
ბოლოს რომ ვნახე, 15 წლის ვიყავი. 14 თებერვალი იყო და შარდენზე ცოცხლად უკრავდნენ მეორეხარისხოვანი ბრიტანული ჯგუფები. კოკა ყურში მიყვიროდა, ძალიან მომწონხარ და აქედან ჩემს სახლში წავიდეთო.
მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ მაინც  ვუთხარი, 15 წლის ვარ -მეთქი.
ეგრევე გაჩუმდა. ლოყაზე ხელი მომითათუნა და სხვასთან გადაინაცვლა.
მაშინ ძალიან სიმპატიური იყო და ძალიან მაგრადაც წერდა. მერე შვედეთში წავიდა. მგონი, სამსახურის ამბებზე. არაფერი აღარ გამიგია მისგან. ამასობაში მე თვითონ დავიწყე წერა, რამდენიმე ჟურნალში დამბეჭდეს კიდეც. ყველა იმეორებდა, რომ ახალგაზრდა ვარ და პერსპექტიული. ახალგაზრდა და პერსპექტიული. ახალგაზრდა და პერსპექტიული. დამაპროგრამეს.
კოკამ  რომ დამირეკა, ვერ ვიცანი. სახელი რომ მითხრა_ მაინც ვერა, აი, გვარმა კი მომიყვანა ჭკუაზე.
_ მდაა. არ ველოდი შენს ზარს. სასიამოვნო სიურპრიზია _ ვუთხარი მე.
_ თბილისში ვარ და მინდა გნახო. მაინტერესებს, როგორ გაიზარდე ამ 5 წელში.
_ არც გავზრდილვარ. ისევ ისეთი შტერი ვარ.
_ არ მჯერა, გავიგე შენი ამბები. ვერც წარმოვიდგენდი, წერას თუ დაიწყებდი
_ სმაც დავიწყე. მოწევაც. ..
_ ჰოდა,თუ ეგრეა. სასმელზე და მოსაწევზე გეპატიჟები. უარს არ ვართ.

6.

ვერ ვიტან იმ მოთხრობას, კონკურსი რომ მომაგებინა. ეგრევე ის ხალიანი ექიმი მახსენდება, ხელში მაშებითა და სახეზე კეთილი ღიმილით. დარწმუნებული ვარ, გინეკოლოგებსაც ეგეთი ღიმილი აქვთ. თუმცა, ამასაც გინეკოლოგი ჰქვია, მგონი. რა აზრი აქვს.
დაჯილდოების დღეს ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, თუ რაში დავხარჯავდი მოგებულ ფულს. ალბათ, უნდა მეთქვა სიმართლე და მერე მათ სახეებზე მეკაიფა.
მაშასადამე:
_რაში დახარჯავთ ამ ფულს?
_ აბორტს გავიკეთებ.

7.

_ რატო მოხვედი? _ მეკითხება საბა.
ისევ გაბრაზებულია. მაგრამ რაკი კარი გამიღო, ესე იგი, შანსიც მაქვს ამ კარებში შესვლის.
_ მომენატრე_ ვეუბნები მე.
_ დავაი რა. მოგენატრე არა ის. ჩემზე ანძრევ დილა-საღამოს.
_ მომენატრე მართლა.
_ და რა მერე?
_ შემომიშვი და მოგეფერები.
_ აზრი არ აქვს. ისევ არ მიდგება.
_ მკიდია, უბრალოდ მოგეფერები.
_ გიყვარვარ, შეჩემა?_ მაღიზიანებს.
_ არ ვიცი.
_ კაი. შემოდი
ჩვენ ერთად ვუყურებთ შეშლილ ფილმს, ,,ლურჯ ხავერდს” და მერე ერთი ჭიქიდან ვსვამთ უშაქრო ყავას. კარგია, რომ არ უდგება. კოკას ამბის მერე სექსზე ფიქრიც არ მინდა.

8.

_ კოკა, მომეცი ფული.
_ რად გინდა ფული, ჭინკა.
_ ფეხმძიმედ ვარ შენგან.
_ და ფულით რას იზამ, ჭინკა?
_ აბორტს გავიკეთებ.
_ მერე არ გეტკინება, ჭინკა..?
_ მეტკინება
_ და რომ არ გაიკეთო, ჭინკა..?
_ სხვა იდეა გაქვს?
_ ცოლად რომ მოგიყვანო, ჭინკა?
_ არ იზამ მაგას.
_ და ისე რომ გააჩინო?>
_ მაგას მე არ ვიზამ.
_ არ მაქვს ფული, ჭინკა.
_ კარგი, რამეს ვიზამ.
საკუთარ გონებას პინგ-პონგი ვეთამაშე. მერხევა

9.

კოკამ ისევ შვედეთში აახვია. არც მითქვამს, რომ მისგან დავფეხმძიმდი. ჩამოვა ალბათ 5 წლის შემდეგ და მე დავხვდები კიდევ უფრო გაზრდილი და გაფუჭებული.
საშინელებაა. ის საერთოდ არ იცვლება, მე კიდევ სულ უფრო და უფრო მივდივარ უკან.
_ აბა შენ იცი, იმ დროისთვის, რო ჩამოვალ, პირველ პირში აღარ უნდა წერდე,
_ ვეცდები.
_ და მოეშვი საერთოდ შენი ამბების მოყოლას. ვიღაცას მართლა გარყვნილი გოგო ეგონები, ყოველ მეორეს რომ აძლევს.
_ ეგეთებისთვის არ ვწერ მე.
_ ეგეთები არიან ყველანი. ჩემი ჩათვლით.
_ ჰო, შენ ეგეთი ხარ.
_ გინდა, ელესდე ჩამოგიტანო?
_ არ მინდა. თუ გინდა, შენც ნუ ჩამოხვალ.
_ მეხუმრები, ჭინკა?
_ ჰო, გეხუმრები.

10.

_ შენზე დავწერე რაღაც _ ვეუბნები საბას.
_ მაჩვენე.
_ ჯერ არ დამიმთავრებია. მეათე თავს ვწერ, სადაც გეუბნები, რომ შენზე დავწერე რაღაც.
_ ესე იგი, მაინც გამოვდგები პერსონაჟად?
_ ჰო. როგორც ჩანს, შენ არც ისე უწყინარი ხარ, რომ მოთხრობაში პრობლემები ვერ შექმნა, არც ისე მოსაწყენი, რომ შენზე დროის დახარჯვა დაენანოს მწერალს და არც ისეთი ჩვეულებრივი, რომ მთავარ პერსონაჟს ვერ შეუყვარდე.
_ და ვინაა მთავარი პერსონაჟი?
_ მე თვითონ.
_ მართლა გიყვარვარ თუ უბრალოდ, მოთხრობისთვის?
_ მართლა.
_ მე არ მიყვარხარ, მაგრამ ვეცდები.
_ კაი.
_ გინდა რამეს ვუყუროთ?
_ მინდა. აი, წერას მოვრჩები და ჩავრთოთ. ვსო. მოვრჩი.

1 comment:

  1. pirveli magari potoa. leqsis personajs an midzgvnis obieqts gavs:)

    ReplyDelete