Tuesday, April 26, 2011

პრელუდია


by anina
_მთავარი ამბებია. ცხოვრებაშიც, მუსიკაშიც და ლიტერატურაშიც. გიფიქრია, რატომ  არის ხოლმე რთული ასაკობრივი სხვაობის მქონე ადამიანების ურთიერთობა? იმიტომ, რომ ერთ-ერთს გაცილებით მეტი აქვს მოსაყოლი, ვიდრე მეორეს. ერთი ყვება, მეორე უსმენს და ასე გრძელდება, სანამ არ მობეზრდებათ. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ  რომელიმე მათგანს ასაკისთვის შეუფერებელი რაოდენობის ამბავი აქვს დაგროვებული: ან ჩვეულებრივზე მეტი, ან ჩვეულებრივზე ნაკლები. ამიტომ, ჩემო კარგო, თუ გინდა, რომ დიდ ბიჭებს მოეწონო, დროსთან შედარებით სწრაფად და ბევრი უნდა იცხოვრო, _ამბობს  ლანა და  სულ ოდნავ მიღიმის.
როიალიდან რამდენიმე წუთის ამდგარი ვარ, მაჯა უსიამოვნოდ მიხურს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიყვან ბოლომდე  ლანას უგემურ ყავას. მაინც რა ყავაა, ,,პელე“? ასე მგონია, რომ თითოეული წვეთი მკლავს. ალბათ, იმავეს გრძნობს ცხენი სიგარეტის მოწევისას. აღარ მინდა ლანას მოსმენა. სიამოვნებით ვეტყოდი, რასაც ვფიქრობ და გავაჩუმებდი. ვეტყოდი, რომ ცხოვრება როიალის თავზე დაწყობილი ფაიფურის სპილოების ყურება და კონსერვატორიის კუანა დეიდებთან ჭორაობა არაა.  ბოლოს კი დავამატებდი, რომ მას მართლაც რო ესმოდეს რამე, 38 წლის ასაკში მარტო არ იქნებოდა..
_ოღონდ ისიც გაითვალისწინე, რომ ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ბიჭებზე ფიქრს გადაყვე. უბრალოდ, ეს უნდა იცოდე. თორემ მე მირჩევნია, მუსიკას მეტი დრო დაუთმო. ძალიან ცოტას მეცადინეობ. ჩვენ ხო გვინდა, რომ რაღაც შედეგი გვქონდეს,  არა?_ ლანას ყავის ჭიქა ტუჩებთან მიაქვს და ცოტა ხანი ეგრე ჩერდება. მხოლოდ თვალები უჩანს, ცხვირის გარეშე გაცილებით სასიამოვნო შესახედავია. საერთოდაც, მიმზიდველი იქნებოდა, დაღლილი სახე და მოდუნებული სხეული რომ არ ჰქონდეს.
_ჰო. გასაგებია.. _ ვამბობ და ვჩუმდები. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. მართლა ძალიან ცოტას ვმეცადინეობ და არ მინდა, ამის გამო შემიყოს. ამიტომ ვდგები და ვემშვიდობები.
_ მიდიხარ უკვე?
_ მეჩქარება. მამა უკვე მოვიდოდა. ალბათ, ქვემოთ იცდის. პარასკევს მოვალ… აკომპანიმეტის ნოტებსაც წამოვიღებ.
ლანა კარებამდე მაცილებს. მე გამოვდივარ და ვგრძნობ, რომ ჰაერი ხდება უფრო ბევრი და ჯანსაღი. კატების სუნიც  აღარ მცემს. კიბეზე სწრაფად ჩავრბივარ და ბოლო სამ საფეხურს  ერთად ვახტები. სანდროს უნდა დავურეკო, რომ ვერაზე გამოვიდეს. ვერის ბაღში დავსხდებით, ცოტას დავლევთ და წავიზასავებთ, სანამ ჩემი სახლში წასვლის დრო მოვა. მთავარია, არ დაეზაროს..
ვურეკავ.
_ სან, როგორ ხარ?
_ რავი, ვარ რა. შენ ?
_ მე ამწამს გამოვედი  მუსიკიდან.
_ ვა. ასე მალე მორჩი ?
_ ჰო, გამოვიქეცი. არ გინდა ვერის ბაღთან გამოხვიდე? მომენატრე ძაან.
_ რავი, გამოვიძახებ ტაქსს და გამოვალ. 5 წუთი დამჭირდება სადღაც _ ამბობს სანდრო და მითიშავს.
სანდრო მაგარი ბიჭია. 20 წლისაა, ძალიან კარგად იცვამს და სიმპატიურია. თან მარტო ცხოვრობს, მშობლები სხვაგან არიან. ხანდახან მიკვირს, მე რით დავაინტერესე-მეთქი. გარეგნობის გარდა ხომ უნდა მოსწონდეს რამე? მე კი ზედმეტად ჩვეულებრივი ვარ და გაუბედავი. ვერაფერს ვერ ვამბობ ხმამაღლა. აი, ლანასაც კი ვერ ვეუბნები უარს გაკვეთილის შემდეგ ყავაზე.
სანამ სანდრო მოვა, ვჯდები და დაგროვილ პრობლემებზე ვიწყებ ფიქრს: ესე იგი,  2 კვირაში ჩათვლები იწყება. იქნებ მანამდე შევეშვა მუსიკას… კიდე ერთი წელი ვეღარ გავქაჩავ.. უკვე მეზიზღება ლანასთან მისვლა. საყვედურების მოსმენაც აღარ შემიძლია. მიბრაზდებოდეს მაინც. ხმას ვაფშე არ უწევს.. თან ეს საუბრები გაკვეთილების მერე… ვითომ ძაან ზრუნავს ჩემზე. არადა რაში მჭირდება მაგისგან დამოძღვრა, ვაფშე კაცი ყოლია რო? ისე, რა უცნაურად ლაპარაკობდა დღეს… ისიც კი ვიფიქრე, რომ სადმე დამინახა სანდროსთან ერთად. ამბები.. ამბები… ამბების ამბავში სანდრო აშკარად მჯობნის. მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს. ხანდახან მგონია, რომ მამაჩემის ხელაა. ისე ყვება ხოლმე პლანზე, სასმელებზე და მოგზაურობებზე, თითქოს ჩვეულებრივი პონტია. მე კიდევ არ ვიცი, რა ვუპასუხო.  მეათე კლასში ვარ, ათწლედში დავდივარ და სახლში დედა-მამასთან ვცხოვრობ. სულ ეგაა. ამას ხო არ მოვუყვები? ფეხებზე არ ჰკიდია? რამე მაინც ხდებოდეს საინტერესო… ზაფხულშიც კი სულ ერთსა და იმავე ადგილას ვისვენებ. რაზე უნდა ველაპარაკო?
იმ სკამზე ვზივარ, რომელზეც სანდრომ პირველად მაკოცა სადღაც 1 თვის წინ. ცუდად გამომივიდა. ენა რომ შემომისრიალა, ვერ მივხდი, რა უნდა გამეკეთებინა. ტუჩები მოვაცილე და თვალები გავახილე, თუ პირიქით, თვალები გავახილე და ტუჩები მოვაცილე.  მკითხა, რა გჭირსო? გავჩუმდი. ვერ ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს პირველი კოცნა იყო. იფიქრებდა, რომ ღლაპი ვარ.
აი, სანდროც მოვიდა. წვერი გასაპარსი აქვს. ხელში 2 ლუდის ქილა უჭირავს. ბალტიკა ცხრები.   რაღა მაინცდამაინც ,,ბალტიკა“?
_ აბა როგორ ხარ, პატარა? _ მეუბნება და ტუჩებში მკოცნის.
_ ისერა. შენ.. ?
_ მე საკაიფოდ. შენ რა გჭირს? აჰა ლუდი
_ აი, მუსიკის მასწავლებელზე რო გიყვებოდი, გახსოვს? ლანა. დღეს დამისვა და ლექციები წამიკითხა,_ ლუდს ვართმევ და გვერდით ვდებ.
_ რა უნდოდა?
_ რას გაიგებ. ზოგადად მეუბნებოდა, რომ იმისთვის, რომ დიდ ბიჭებს მოეწონო, ბევრი რამე უნდა გქონდეს მოსაყოლიო.
_ ჰაჰა/ ცოტას უბერავს არა?
_არა, არა, ჭკვიანია, უბრალოდ  ,,სტრანნია“. ნუ, ეგ არ მიკვირს. 38 წლისაა, კაცი არ ჰყავს.
_ შენ ხო გყავს რა კაცი,_ მიყურებს სანდრო და დამცინის.
_ მე 15 წლის ვარ, განსხვავებას ვერ ხედავ?
_ შენც დიდი გოგო ხარ უკვე, თუ გინდა, ნუ დაიჯერებ, მაგრამ ეგრეა.
_ კი, დიდი გოგო ვარ_ ვეუბნები სანდროს და ვკოცნი.
კოცნის დროს საერთოდ აღარ ვღელავ, მაგრამ გული მაინც სასწაულად მიჩქარდება. სანდრო ძალიან ვნებიანია. სანამ ენით ჩემს ენას ეთამაშება, ერთ ხელს მაისურის ქვეშ მიცურებს  და  მკერდზე მიჭერს. ვგრძნობ, როგორ მებურცება ძუძუსთავები. ხელი ხო არ გავაწევინო? რატო უნდა გავაწევინო…  ახლა წელზე მეფერება. ჟრუანტელი მივლის და ოდნავ ვეშვები. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ. ის ხვდება და უფრო გატაცებით მკოცნის.  ხელს წელიდან ქვემოთ აცურებს და ჯინსის ღილებს პოულობს..
_ სან, არ გინდა_ ვეუბნები ყურში.
_ მინდა, მინდა.. შენც გინდა. მოგეფერები_ და ღილების გახსნას აგრძელებს.
_ არ მინდა, ეეე _ ვამბობ და მის ხელს ვიშორებ.
სანდრო უკან იწევს და რამდენიმე წამით გაოცებული მიყურებს.
_ აუ, რა ბავშვი ხარ რა.
_ ეგ რა შუაშია, უბრალოდ არ მომწონს. თან ადგილს შეხედე რა.. ბაღში ვართ.
_ რას შევხედო, არავინ არაა.  რისი გეშინია ასე ძაან. ეგრე ქალიშვილობას არ კარგავენ.
მე ვჩუმდები და ძალიან მრცხვენია. არ მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ ტრუსიკში უნდა ჩამიყოს ხელი.
_  რაც არ მინდა, არ ვიზამ..
_ სექსზე უარს მეუბნები, მოფერებაზეც..  ბარემ კოცნაც ამიკრძალე…
_ ოოო. წავედი მე სახლში_ ვამბობ და ვდგები.
_ წადი. ბავშვები დედასთან უნდა იყვნენ ამ დროს.
ნოტების ჩანთას ვიღებ. სანდრო რჩება. ასე 10 ნაბიჯს ვდგამ და  ისევ სკამისკენ ვბრუნდები. სანდრო იღიმის, ჰგონია, რომ გადავიფიქრე. მაგრამ მე  ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემს ლუდს ვიღებ და ამჯერად საბოლოოდ მივდივარ. ,,ბალტიკა“ რამ აყიდინა?
***
_ ნუ, სექსი უნდა რა,_მეუბნება სალომე და ლანასავით მიყურებს.
_ ვიცი, რო სექსი უნდა, მაგრამ როგორ დავთანხმდე? გიჟი ხო არ ვარ.
_ კაი რა, აბა რა გეგონა. 20 წლისაა. ხო გინდოდა დიდი ბიჭი, ჰოდა, დიდი ბიჭი ეგაა. თუარადა კლასიდან აირჩიე ვინმე.
_ ოოოო,  კაი რა.  შენ ჩააყოფინებდი ხეელს?
_ რავი, მე ჩავაყოფინებდი. სანდროსნაირ ბიჭს მით უმეტეს.
_ არ მჯერა. ეგრე ადვილი სათქმელია. ყველაფრის უფლებას ხო არ მივცემ.
_ გვანც, ხელის ჩაყოფა ყველაფერი არაა, _ ამბობს სალომე და ჩანთიდან სიგარეტს იღებს.
***
2 დღე სანდროსგან არაფერი ისმის. რა ვქნა, დავურეკო და ვუთხრა, რომ მართლა ბავშვი ვარ? თუ კიდევ დავუცადო.. მათემატიკის გაკვეთილზე მესიჯი მომდის: gvanca, momenatre, shter. dges gakvetilebis mere gnaxav da dagelaparakebi.
მე ვწერ, რომ თანახმა ვარ და მერე მახსენდება, რომ  მუსიკაზე ვარ წასასვლელი. სანამ მიპასუხებდეს, კიდევ ერთ მესიჯს ვუგზავნი:
მე: au, musika maqvs dges. sxva dros vera?
სანდრო: ar mcalia. daade
მე: kai. rames vizam : ]
გაკვეთილების მერე ვხვდებით და ძალიან თბილად ვლაპარაკობთ. მკოცნის, ხელები ადგილზე აქვს და მე თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი მობილურის ზარი გვაწყვეტინებს. დედაა. რა ოპერატიულია, ეტყობა,  ლანამ დაურეკა.
დედა 2 წუთის განმავლობაში გადაბმულად მიყვირის და ბოლოს მითიშავს.
_ რაო, დედამ?_ მეკითხება სანდრო, ვითომ ვერაფერი გაიგო.
_ მუსიკის გამო მეჩხუბა. ნუ აცდენ, რამდენჯერ უნდა გითხრაო. არადა არ შემიძლია. გული მერევა უკვე, ნოტებს რო ვხედავ..
_  დაანებე ჰოდა თავი. რა საჭიროა მშობლებთან შეთანხმება. დაელაპარაკე იმ ქალს  და უბრალოდ არ იარო..
_ არ გამოვა, დედაჩემი ეკითხება ხოლმე ჩემს ამბებს..
_ ხოდა, უთხრას დედაშენს, რომ რიგზეა ყველაფერი. არ შეიძლება? ვერაფერს ვერ გაიგებენ.  ნუ, სახლში ცოტას იმეცადინებ, რომ ეჭვი არ გაუჩნდეთ.
_ არაა საჭირო. ისეთ დროს ვუკრავ ხოლმე, როცა სამსახურში არიან. მაგრამ მაგაზეც არაა..
_კაი, რა.. რა  პრობლემაა. დაელაპარაკე იმ  ლანას და სთხოვე.
_ მე მაგას ვერ ვთხოვ, არ შემიძლია..
_ მაშინ მე ვთხოვ..
_ შენ?
_ ხო, მე ვთხოვ. შენ ხო თქვი, ჭკვიანი ქალიაო. ხოდა, ვეტყვი, რომ შენი შეყვარებული ვარ და ჩემთვის დროს ვერ პოულობ მუსიკის გამო. გაგვიგებს. ძალიან ვთხოვ, რომ დედაშენს არაფერი უთხრას.
მე მეღიმება. ამას იმიტომ აკეთებს, რომ საბოლოოდ შემომირიგოს.
_ არ გამოვა, სან. მაგრამ რავი, თუ ასე გინდა..
_ დღესვე რომ მივიდე?
_ რატომაც არა_ ვეუბნები და ვამაყობ, რომ ასეთი შეყვარებული მყავს.
სანამ სახლში წავიდოდე, სანდროს ვუხსნი, ლანას ბინას როგორ მიაგნოს. სადღაც 2 საათში კი მესიჯი მოდის: davitanxme, magari var ra : ]
მე: raa?
სანდრო: ho, dzaan vtxove da damtanxmda
მე: vau. amistvis kocnas imsaxureb : ]
სანდრო: da mets arafers?
მე:  sikvarulsac.
სანდრო: lanam tqva, gvanca xval movides, ragac notebs gavatan da davemshvidobebio ..
***
მომწამვლელ ყავას ვსვამ. ლანა ისე მიყურებს, თითქოს ბავშვები ვართ და ერთად რამეს ვაშავებთ.
_ მე კი ვიცოდი, რომ შენ აღარ გაინტერესებდა მუსიკა, მაგრამ თუ ეგრე სერიოზულად იყო საქმე, უნდა გეთქვა. სხვისგან რატო უნდა ვიგებდე?
_ არ ვაპირებდი. ვიფიქრე, რომ როგორმე დავამთავრებდი ათწლედს, მაგრამ მერე აღარ გამოვიდა..
_ რა საჭიროა. მე ხომ ვიცი, რამაც შეგიცვალა დამოკიდებულება. ძალიან კარგი შეყვარებული გყავს, _ ლანა გამაღიზიანებლად ურევს ყავას, _ მე რომ მყოლოდა ეგეთი შეყვარებული, ახლა არც მე ვიქნებოდი პიანისტი.
არ მომწონს ასეთი ფამილარობა, მაგრამ დღეს თავაზიანი უნდა ვიყო. ბოლო დღეა ამ კატიან სახლში.
როიალზე ჩემი ნოტები დევს. ლანა დგება და მაწოდებს.
_ ისე, ცოტა კი მწყდება გული შენზე, ძალიან კარგი მონაცემები გაქვს. თუ გადაიფიქრებ, აუცილებლად გამაგებინე, კარგი?
_ აბა რა_ ვეუბნები და ვცდილობ წარმოვიდგინო, სიტუაცია, რომელიც ამ კლავიშებგაყვითლებულ როიალთან დამაბრუნებს.
ამჯერად კიბეზე დაშვებისას სულ სხვა გრძნობა მაქვს. დამთავრდა ჩათვლები, ახალი ნაწარმოებების გარჩევა-დასწავლები, თვალდახუჭული დაკვრები..  ყველაფერი დასრულდა და მე თავისუფალი ვარ.
სანდროს ვურეკავ, მინდა ვნახო და მაგრად ჩავეხუტო, მაგრამ არ იღებს. მერე სალომეს ვხვდები და დიდხანს ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა ბედნიერი ვარ.
***
უკვე 1 თვე გავიდა, რაც ლანასთან აღარ მივსულვარ, მაგრამ კარგად არ ვარ. სანდროს სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხედავ, ამბობს, დაკავებული ვარო, მაგრამ არასდროს მიხსნის, რითია დაკავებული. მგონი ,,ამბების“ სინდრომი დაგვეწყო. ის ყველაფერს მომიყვა, რაც კი ცხოვრებაში გადახდენია, მე კი ბოლომდე მოვუსმინე და დავმთავრდით. ახლა ვფიქრობ, რომ მუსიკისთვის თავის დანებებით იმას ვერ მივაღწიე, რაც მინდოდა. დედამ იცის, რომ კვირაში ორჯერ 6-დან 8-ის ნახევრამდე მუსიკაზე ვარ. ამიტომ სახლში ვერ მივდივარ და გარეთ ბოდიალი მიწევს. არადა, უკვე ცივა. სანდროს ჩემთვის არ სცალია და უბრალოდ ვერის ბაღში ვზივარ. ჩვენს საუბრებს და კოცნებს ვიხსნებ. ლანამ მითხრა ერთხელ, ბიჭების ქცევებს ერთიანი ქცევითი სისტემა განსაზღვრავს, განსხვავებით ქალებისგანო. ჰოდა, ვცდილობ, რომ სანდროს შინაგანი ლოგიკა გამოვიცნო.
სკამზე მცივა. რა იქნება, ახლა ლანასთან რომ ავიდე და გულახდილად დაველაპარაკო? იქნებ, რამე სხვა ყავა იყიდა ამასობაში? ან იქნებ, კატები გააჩუქა.. აქ ჯდომას მაინც ჯობია. ყოველ შემთხვევაში, 1 საათით როგორმე  გამონახავს ჩემთვის დროს. როიალისგან შორს დავსხდებით, ერთმანეთს სერიოზულად დაველაპარაკებით. იქნებ რამე მირჩიოს.
ვდგები და მივდივარ. 15 წუთში ლანას სახლთან ვარ. ნაცნობ კიბეებს სწრაფად ავრბივარ და ზარის ღილაკს  ხელს ვაჭერ. არავინ აღებს. კიდევ ერთხელ ვაწვები, ამჯერად ცოტა დიდხანს.
ნაბიჯების ხმა მესმის. ერთი, ორი, სამი, ოთხი. მერე გასაღები ტრიალდება, კარი იღება და ნაცნობ ფიგურას ვხედავ. ეს სანდროა. საშინაო ტანსაცმელი აცვია და გაუპარსავია.  ოთახიდან კატის სუნი მცემს.
ჩემსავით დაბნეულია.
_ აქ რა გინდა, გვანცა… _ მეკითხება გაოცებული.
_ უბრალოდ მოვედი და უკვე მივდივარ_ ვამბობ და სწრაფად ჩავრბივარ საფეხურებს. მინდა, რომ მალე მოვშორდე აქაურობას, ზუსტად ისე, როგორც ლანას ბინაში ბოლო ვიზიტისას. ვერ ვიტან აქაურობას, ვერ ვიტან მუსიკას, ვერ ვიტან  სანდროს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს თავს ვერ ვიტან…
***
პიანინოსთან ვზივარ და სასოწარკვეთილი ვუყურებ ნოტებს. სახლში არავინაა და დაკვრასაც არავინ მაძალებს, უბრალოდ მაინტერესებს, ისევ შემიძლია თუ არა ერთი ხელის მოსმით  პრელუდიების შესრულება. მინდა, რომ როგორმე ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. არაფერი გამომდის. მაჯები მტკივდება და ხელებს მუხლებზე ვუშვებ. ცოტა ხანი არ ვინძრევი. თავში იმდენი აზრი მომდის, რომ აღქმასაც ვეღარ ვახერხებ. ბოლოს თვალებს ვხუჭავ და გახურებული თითებით ჯინსის ღილებს ვიხსნი..
ამბების დაგროვებას ვიწყებ.

No comments:

Post a Comment