Tuesday, April 26, 2011

დროებითი

by anina
_ ჩვენი სექსი წყლის დალევასავითაა, როგორც კი ამას ზედმეტ მნიშვნელობას მიანიჭებ, წყურვილს ვეღარ მოიკლავ_ მითხრა პაველმა მორიგი სექსის შემდეგ. მითხრა_ არა, უფრო გამაფრთხილა. კაცები ხომ ყოველთვის გრძნობენ, როცა ქალები მათ შეყვარებას იწყებენ.
_ გადაგიღებ, – ვუთხარი პაველს და შიშველი გავიქეცი ფოტოაპარატის მოსატანად.

რომ დავბრუნდი, ის ისევ ისე იწვა და ეწეოდა, კადრში მისი პენისი ძალიან უშნო
ჩანდა, ტერფები_ ზედმეტად დიდი, თუმცა ეს მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო იყო, რომელიც კი მისთვის გადამიღია. ეს მისი პირველი ფოტო იყო, რომელიც ამოვბეჭდე, ზედ სათაური წავაწერე- ,,პაველი წყლის დალევის შემდეგ” და უჯრაში გადავმალე.

პირველად 3 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში. რაღაც საერთაშორისო გამოფენისათვის. მერე წავიდა, იქ სახლი გაყიდა და ისევ ჩამოვიდა. ბევრ რამეს აკეთებდა ერთდროულად:  წერდა, ხატავდა, პერფორმანსებს დგამდა.. ყველაფერი, რასაც ქმნიდა, სიგიჟესა და სტრესს ეხებოდა. საქართველოც ამით იზიდავდა_ ,,ქვეყანა კი არა, საექსპერიმენტო სივრცეა”_ ამბობდა ხოლმე ღიმილით, _ ,, სტრესის საკვლევი ნამდვილი არტ-ობიექტი…”
სიმბოლურია, რომ პაველის არსებობის შესახებ სწორედ სექსის შემდეგ გავიგე. ვიწექით მე და ერთი ცოლიანი პოეტი, ვტკბებოდით მოპარული თავისუფლებით (ძლივს, მისი პროზაიკოსიცოლი ბავშვთან ერთად დასასვენებლად წავიდა) და ვცდილობდით, საუბარი წამოგვეწყო.
_ წამოდი დღეს გამოფენაზე. ვიღაც ჩეხი მასტის ინსტალაციებია ,,ქარვასლაში”. თემა_ სტრესი, ნერვოზი, სიგიჟე. ქართულ დუხში. 1 წელია აქ ცხოვრობს და გვაკვირდება.
_ და ნახუიზე რომ გავუშვათ ის ჩეხი თავის სიგიჟიანად, არა? _ ვუთხარი პოეტს და გავუღიმე. საღამოსთვის სხვა გეგმები მქონდა.
მახსოვს, მაშინ ძალიან მღლიდა გამოფენები და პრეზენტაციები:
ათასი ყოფილი მეგობარი, ათასი ყოფილი საყვარელი, ათამდე ,,სიმთვრალეშიროვეზასავე” ტიპი, რამდენიმე ,,უირამდენიხანიაარშევხვედრილვართ” ნაცნობი და ერთი-ორიც დაბნეული სტუდენტი.
ეს სტუდენტი გოგოები როგორც წესი სამხატვრო აკადემიაში სწავლობდნენ ხოლმე და საღამოს იმას მიყვებოდნენ სახლში, ვისაც იმ გამოფენაზე ყველაზე მეტად მიამგვანებდნენ გენიოსს.
მოკლედ, მე არ წავსულვარ.
პოეტი კი წავიდა და იქიდან დამირეკა აღფრთოვანებულმა: აი, ეს არის არტიო. საოცრებებს აკეთებს პაველიო. აქედან მეგობრები ლუდის დასალევად მივდივართო და ნუღარ დამელოდები, დაიძინეო.
არ ვიცოდი, რა მექნა და უსაქმურობისაგან საკუთარ ფეხის თითების გადაღება დავიწყე. ბოლოს ყველა ფოტო ერთად წავშალე და დავიძინე.

მაგ ამბიდან ერთ კვირაში იყო, ჩემმა პოეტმა რომ განმიცხადა, უნდა დავშორდეთო.
_ რატომ?
_ მგონი, ჩემი ცოლი მიყვარს..
მე გავჩუმდი.
მან მკითხა:
_ მიბრაზდები?
_ არა. რაზე უნდა გიბრაზდებოდე.. მე ხო ერთი უნიჭო ფოტოგრაფი ვარ, მხოლოდ იმის დასადგენად თუ გამომიყენებს კაცი, რომ ცოლი უყვარს..
_ კარგი რა, ნუ ბოდავ.. . ვხვდებოდით, გავერთეთ, დავიშალეთ. რატომ ართულებ ყველაფერს…
_ რას ვართულებ.. მინდა, რომ კაცს, ვისთანაც ამდენი ხანი ვიწექი, ვუყვარდე. მეტი არაფერი.
_ პრობლემა ისაა, რომ ჩემს ცოლსაც ეგ უნდა _ გაეცინა მას. მერე კალთაში ჩამისვა, ბავშვივით მომეფერა და წავიდა.
მე კი ყველაფრის ხალისი დავკარგე. დღეები ისე გადიოდა, რომ ძილის გარდა არაფერს ვაკეთებდი. ერთი-ორ მდედრ მეგობარსაც დავურეკე, შევხვდეთ-მეთქი, მაგრამ ყველა ზედმეტად ბედნიერი იყო იმისათვის, რომ ჩემი წუწუნი მოესმინა. ძველი ფოტოებიც ბევრჯერ გადავათვალიერე: ჩემი კაცი აბაზანაში, ჩემი კაცი ეწევა, მე და ჩემი კაცი სარკესთან. აქ კი.. აქ, მგონი, ანძრევს.. თუმცა არა.. მგონი, წერს : ) რამდენი რამე გადამიღია და რა ტყუილად! ამ ფოტოებს მის გარეშე არანაირი ფასი არ ჰქონდა.
ბოლოს სასოწარკვეთილებისაგან გამოფენებზე სიარული დავიწყე, ძველ ნაცნობებს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, მათში გენიოსები ამომეცნო.
ერთ-ერთ გამოფენაზე პაველი თვითონ მოვიდა. სულ უბრალოდ მომიახლოვდა და მკითხა: შემიძლია თუ არა რამით დაგეხმაროო…
_ არა, კარგად ვარ_ ვუპასუხე მე და თვალი ჭერს გავუშტერე.
_ არ ხარ კარგად. სტრესში მყოფ ადამიანებს სახეზე ვცნობ. მთელი ცხოვრებაა ამაზე ვმუშაობ.
_ მღვდელი ხარ თუ ფსიქოლოგი? _ ძლივსშესამჩნევად გავუღიმე მე.
_ შენთვის უბრალოდ პაველი ვარ .
__ მსმენია შენზე, _ ვუთხარი ხმადაბლა_ რატომღაც უფრო ახალგაზრდა მეგონე, უფრო მაღალი და უფრო ქერა..
მან კი სახლში დამპატიჟა.
პაველთან ბევრი კონიაკი დავლიე და ავსლუკუნდი. მოვყევი, როგორ უცნაურად და მოულოდნელად მიმატოვეს ცხოვრებაში პირველად. მოვყევი, როგორ მიჭირს მათთვის გადაღება, ვინც არ მიყვარს.. მოვყევი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის სტაბილური ურთიერთობა. მე ვყვებოდი, პაველი მხდიდა. სულ სლუკუნ-სლუკუნით გავათავე და მერეღა გავჩუმდი.
გაგრძელება იხილე აქ.

1 comment: